ეკა ბესელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შანსი, პროპორციულ სისტემაზე 2010 წელს გადასვლისთვის მხარი დაეჭირა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეს
ეკა ბესელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შანსი, პროპორციულ სისტემაზე 2010 წელს გადასვლისთვის მხარი დაეჭირა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეს

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ, თუ ამჟამინდელ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არ მოსწონს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევა და სირთულეა, მაგრამ ეს საქართველოს პარლამენტია, სადაც მხოლოდ უმრავლესობა არ არის და არის უმცირესობაც. შეიძლება, იქ, პირადად ჩემთვისაც და ალბათ, ჩემთვის ყველაზე მეტად, სწორედ ის პოლიტიკური ძალა იყოს ყველაზე მძიმე და რთულად ასატანი, „ნაციონალური მოძრაობა“, ვისაც წლების განმავლობაში ვუყურებდი, როგორც მოძალადეს“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობა დათმობაზე წავიდეს და ამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს მოხდეს, თუ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის ცუდი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ჩაიწერა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა კარგია და უკეთესი იქნებოდა, შესაძლებელი გამხდარიყო მაშინ, როცა ამის შანსი რეალური იყო, მაგრამ სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო ის გონივრული გადაწყვეტილება, რაც ამ სისტემაზე გადასვლას შესაძლებელს გახდიდა.

„ახლა, მათი მხრიდან ამის კიჟინი ძალიან დიდი სირცხვილი და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა. მათ ჰქონდათ შანსი, პროპორციულ სისტემაზე 2010 წელს გადასვლისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეს და ახლა, ეს საკითხი სწორედ მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა. ახლა, ამას თავად კონსტიტუცია გამორიცხავს. კონსტიტუციურ ცვლილებებს მაღალი კვორუმი სჭირდება და მათ შორის, ბოლო დადასტურებას ლეგიტიმაციას შემდეგი მოწვევის პარლამენტი აძლევს. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სტაბილურობა, კონსტიტუციური წესრიგი შენარჩუნდეს და ქვეყნის ძირითადი კანონი უბის წიგნაკივით არ იცვლებოდეს, რასაც თავის დროზე, სააკაშვილი აკეთებდა“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოს ახლა, ძალიან უჭირს, რადგან საკმარისი მოსამართლეები არ ჰყავს და მნიშვნელოვანია, იქ მაღალი რეპუტაციის, დამოუკიდებელი, კვალიფიციური კადრები შევიდეს.

„როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატების ღია, საჯარო განხილვა პარლამენტში გადმოინაცვლებს, ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესი იქნება და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ეს პროცესი მაღალი სტანდარტის იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.