ეკა ბესელია - მზად ვართ, განვიხილოთ, უფრო ფართო მანდატი ხომ არ უნდა ჰქონდეთ შემაკავებელი ორდერის გამომყენებელ პირებს
ეკა ბესელია - მზად ვართ, განვიხილოთ, უფრო ფართო მანდატი ხომ არ უნდა ჰქონდეთ შემაკავებელი ორდერის გამომყენებელ პირებს

მზად ვართ, განვიხილოთ შესაძლებლობების გაზრდის საკითხი, კიდევ კიდევ უფრო ქმედითი, უფრო ფართო მანდატი ხომ არ უნდა ჰქონდეთ შემაკავებელი ორდერის გამომყენებელ პირებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის უკეთესი საშუალება მოძალადის 48 საათით დაკავება იქნება და არა შემაკავებელი ორდერის გამოწერა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისთვის, რათა კითხვები

„აქ გასააზრებელი იქნება ორი ასპექტი იქნება. სისხლის სამართლის კოდექსს, აქვს მკვლელობის რამდენიმე შემადგენლობა: განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ნებისმიერი პირის მიმართ განხორციელებული ეს სასტიკი ქმედება შესაბამისად კვალიფიცირდება.

გვაქვს ცალკე ოჯახური ძალადობის მუხლი, რომელსაც ნაკლები სანქცია აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ მუხლს უნდა დავამატოთ ცალკე პუნქტი და ჩამოვაყალიბოთ ფორმულირება, რომელიც ასეთი ტიპის შემთხვევებს უფრო მეტი სიმკაცრით დასჯიდა. ამას ძალიან კარგი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.

და მეორე, ვფიქრობ, საჭირო იქნება პროცედურული ნაწილის კარგი ანალიზი, ანუ აღსრულების მექანიზმის, როდესაც შემაკავებელი ორდერის გამოყენება ხდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი განმარტებით, შესაძლოა იყოს იმ პირის დაკავების აუცილებლობა, რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობს, ან შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში პატიმრობის გამოყენება საჭირო არ იყოს და ასეთ დროს გამოიწეროს შემაკავებელი ორდერი.

ბესელიას თქმით, ბარნოვზე მომხდარი შემთხვევის მსგავსი დანაშაულების პრევენციისთვის, ბუნებრივია, პატიმრობის გამოყენება იქნებოდა აუცილებელი.

გარდა ამისა, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, საგამოძიებო სტრუქტურებს, სამინისტროსა და პოლიციას უნდა ჰქონდეთ ეფექტური მექანიზმი, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედონ.

ამიტომ ეკა ბესელია ამბობს, რომ ხელისუფლება მზად არის, შესაბამისი ორგანოებისთვის შესაძლებლობების გაზრდის საკითხი განიხილოს.