ეკა ბესელია - მოთხოვნაში საერთო პოზიცია გვაქვს, უბრალოდ, კენჭისყრის დროს, თუ მმართველ პარტიას ხმები არ ეყოფა, არ მინდა, ჩვენი ან ჩემი მიზეზით სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები დიდი ხნით დარჩნენ ციხეში
ეკა ბესელია - მოთხოვნაში საერთო პოზიცია გვაქვს, უბრალოდ, კენჭისყრის დროს, თუ მმართველ პარტიას ხმები არ ეყოფა, არ მინდა, ჩვენი ან ჩემი მიზეზით სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები დიდი ხნით დარჩნენ ციხეში

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეთანხმება ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოთხოვნას, ორივე საკითხის შესრულებას, უნდა გაგრძელდეს ყველა ძალისხმევა, როგორც კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც იყო მიღებული, ასევე უნდა შესრულდეს მეორე ნაწილიც, რომ ეს პოლიტიკური წნეხი მოიხსნას და ეს საქმეები, რომლებიც არის პოლიტიკური ნიშნით დაწყებული, უნდა დასრულდეს.

ამ ნაწილში აბსოლუტურად თანმხვედრი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ აუცილებელია, გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ ხელისუფლებამ შესასრულოს ეს ვალდებულებელებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება.

„ჯერ კენჭისყრამდე დრო არის, ალბათ ერთი თვე მაინც დააგვიანდება. იქამდე, ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება გადამწყვეტი, საბოლოოდ როგორ პოზიციას აირჩევს მმართველი პარტია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან ეს შეთანხმება დაარღვია და ეს შეთანხმება ჩავარდა, პასუხისმგებლობა სრულად გადავა მმართველ პარტიაზე. ამიტომ უნდა გაიაზრონ ეს პოზიცია, ჩვენ საერთო განცხადება მივიღეთ, რომელიც გამოქვეყნდება“,- განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საერთო განცხადებას თავადაც მხარს უჭერს. თუმცა, რაც შეეხება ცვლილებებისთვის კენჭისყრას, ბესელია განმარტავს, რომ არ სურს, მისი მიზეზით  სისტემა არ შეიცვალოს და პატიმრები დიდი ხნით დარჩნენ ციხეში.

„კენჭისყრის ეტაპზე ყველა იტყვის, ვინ რას დაუჭერს, დაუჭერს ან არა მხარს, მაგრამ ერთიანია პოზიცია, რომელიც ეხება ამ შეთანხმების შესრულების ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან.

ბუნებრივია, მე ჩემი პოზიცია გავუზიარე სხვებსაც. არგუმენტებიც გავცვალეთ. აბსოლუტურად მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ არ დაუჭერენ მხარს იმ ცვლილებებს, თუ არ შესრულდა მეორე პუნქტი და სწორია ის პრინციპული მოთხოვნა. ამ მოთხოვნაში ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს, რადგან ყველამ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას.

უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ როდესაც კენჭისყრაზე დადგება ეს საკითხი და თუ ხმები არ ეყოფა მმართველ პარტიას, ასეთ ვითარებაში მე არ მინდა, რომ ჩვენი ან ჩემი მიზეზით ან არ ვიცი, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები დიდი ხნით დარჩნენ ციხეში.

ამიტომ, მოდით, იმ ეტაპზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევჯერდებით და გვექნება დამატებითი კონსულტაციები. მთავარი არის, რომ ერთნაირად ვუყურებთ ამ პროცესს, რომ ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ორივე პინქტი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი