ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ხვდება
ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ხვდება.

შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხია.

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საინტერესოა იმ ადამიანების მოსაზრების მოსმენა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება აქვს მართლმსაჯულების სფეროში.

მისივე განცხადებით, საბოლოოდ მიღებული მოსაზრებები იმ ინიციატივაში აისახება, რომელზე მუშაობასაც ბესელია თვის ბოლოსთვის დაამთავრებს და საკუთარ კოლეგებს წარუდგენს. მისივე განმარტებით, მომდევნო ორ კვირას სწორედ მიღებული მოსაზრებების ჩამოყალიბებას დაეთმობა.

„ვხვდებით დღეს მეცნიერებს, პროფესორებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. იმ ადამიანებს, ვის სიტყვასა და გამოცდილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მართლმსაჯულების სფეროში.
გვინდა, ვისაუბროთ სამართლებრივ საკითხებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, როგორ ხედავენ ისინი ამ პროცესს, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს, რა სამართლებრივი ნორმები იქნებოდა უმჯობესი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მეცნიერსა და უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მინდია უგრეხელიძეს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ორი კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეირჩეს.

„მოსამართლეები არა მარტო უზენაეს სასამართლოში, არამედ საერთოდ უნდა განწესდეს ორი მთავარი პრინციპით, კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით“, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.