ეკა ბესელია - გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს
ეკა ბესელია - გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს

გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გვარამიას ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს.

„გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს. ამას თუ ვინმე სერიოზულად გადაწყვეტს, ეს აბსოლუტური სიგიჟეა. ყველა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ვხედავ, ბევრ საბედისწერო შეცდომას უშვებს „ქართული ოცნება“, ის რომ ტელევიზიაში შევარდნენ, მე პირადად არ ვუშვებ, რომ მსგავს სიგიჟეს ვინმე ჩაიდენს.

ასეთ რამეს ვინმეს არც ვურჩევ. „ქართულ ოცნებაში“ ბევრზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამის პოლიტიკურ ფასს ხვდებიან და არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს. თავისუფალი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მოქალაქეებს უნდა მისცენ და ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.

გვარამიას ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. პასუხი მყისიერი იყო რაც მოვისმინე. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ ასეთ სიგიჟეს ჩაიდენენ. თუ ამას ცალკეული პირები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, ნამდვილად ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აფეთქდე საკუთარ ნაღმზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.