ეკა ბესელია - მე ყოველთვის თავისუფალი ვარ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეთერში თავად არ იყო თავისუფალი
მე ყოველთვის თავისუფალი ვარ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეთერში თავად არ იყო თავისუფალი, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
„როგორც გუშინ ვუსურვე ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები, დღესაც ამით დავიწყებ. კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ყველგან, სადაც ქვეყნისთვის საუკეთესო საქმეს გააკეთებს“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ეთერში გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობრივი იყო.
„რაც შეეხება მის განცხადებებს, ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ყოველთვის თავისუფალი ვარ, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ. იმას ვამბობ, რაც მწამს და მჯერა, მაგრამ ნამდვილად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გუშინ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი თავად იყო თავისუფალი. განცდა დამრჩა, რომ ის იმ გზავნილებს ახმოვანებდა, რაც უნდა გაეხმოვანებინა. მისი განცხადებები ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. მას მინდა ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა, თუ ეს მართლაც ამ პარტიისა და ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაა, როგორც ის ამბობს, მაშინ მან პირველ რიგში პარტია „ქართული ოცნებიდან“ უნდა დაიწყოს, სადაც საკმაოდ დიდი დოზით არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერი მხარდამჭერები, ჯერ კიდევ ნოსტალგიაში მყოფი ადამიანები, ზონდერებიც და ის ადამიანები, ვისთანაც ჩვენ თანაცხოვრებას ვერაფრით მოვახერხებდით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, სწორედ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელება არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ უნდობლობა გამოხატა.
„თუ წარსულის ძალადობრივ სისტემას ემიჯნები, მაშინ ამ ყველაფრის გაგრძელება არის სწორედ იმ ძალადობრივი სისტემის მთავარი შემსრულებლები არა მხოლოდ პოლიტიკური პირები, არამედ ის მოსამართლეები, რომელთა ხელით არაერთი ჩვენი მოქალაქე იტანჯებოდა. ლოგიკა წყდება იქ, როდესაც ამბობ, რომ წარსულს და ძალადობრივ სისტემას ვემიჯნები, მაგრამ თუ დღეს ისინი ჩემთან არიან მათ ყველაფერს პატიობ, რასაც წარსულში ჩადიოდნენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც იმ ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი იყო, მათ არ აპატია. ამიტომ, პერსონალური ინდულგენციებს ვერავინ გასცემს. აქ არის ის განსხვავებულობა, რომელიც კი არ გააერთიანებს „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებს, რომელთაც პირველი ოქტომბერი მოიტანეს, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილს უნდა, არამედ კიდევ უფრო მეტად დაყოფს. ამიტომ, ღარიბაშვილს ამ ლოგიკაში ვერ გავყვები.
მესმის, რომ მას გული წყდება, რატომ წავედი პარტიიდან. თავის დროზე ის პრემიერობიდან რატომ
წავიდა? მან ხომ თქვა, რომ ის თავისით წავიდა. მე რისთვისაც წავედი, ეს ავხსენი. არსად წავედი, დავრჩი იქ, სადაც მუდმივად ვიყავი, პრინციპების ერთგული დავრჩი. პირადი მოტივით მოქმედი პოლიტიკოსი თანამდებობაზე დარჩებოდა და თვალს დახუჭავდა იმაზე, რასაც სთხოვდნენ. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და არა ვინმე სხვამ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ რაც მოსამართლეების საკითხზე ხდება, არის ორკესტრირებული დესტრუქციული, ოპოზიციური პარტიისა და მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოს მიერ. მისი თქმით, ეკა ბესელიას ქმედებები მისთვის აუხსნელია.