ეკა ბესელია - მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში გვარებზე არ შევთანხმებულვართ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა
ეკა ბესელია - მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში გვარებზე არ შევთანხმებულვართ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, როცა უცნობია, საბოლოოდ რამდენი საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ბესელიას თქმით, კონკრეტულ გვარებზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ისაუბრონ, რაც გაირკვევა, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, იდგმება თუ არა ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ და რამდენი მაჟორიტარული ოლქი რჩება.

ბესელია ამბობს, რომ მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, არავითარ გვარებზე არ შეთანხმებულან.

„ჯერ აბსოლუტურად უადგილოა, ვინ რას ფიქრობს გვარებთან დაკავშირებით. ჯერ რა დროს გვარებია, როცა არ ვიცით, საბოლოოდ რამდენი საარჩევნო მაჟორიტარული ოლქია. ამიტომ დასრულდეს ჯერ მოლაპარაკების ბოლო რესურსიც, გავიგოთ, რა სისტემით იქნება და როგორ ტარდება; რამდენად პროპორციული არჩევნებისკენ იდგმება ნაბიჯები და რამდენი მაჟორიტარული ოლქი რჩება, როგორ იცვლება გეოგრაფიული საზღვრები; ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი გვარებზე. მე მესმის, ინტერესი დიდია და წინასწარ ყველას უნდა მეტი სიცხადე შეიტანოს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ არავითარ გვარებზე არ შევთანხმებულვართ, არ შეიძლება იყოს საბოლოო შეთანხმება, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკების ბოლო ეტაპი და არ გაირკვევა, რა იქნება საბოლოოდ საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი გვარებზე. შესაძლოა ვინმე თავის პარტიაში საუბრობს, ან რამდენიმე პარტია ერთმანეთთან გარკვეულ მოსაზრებებს ცვლის, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულად რაიმე შეთანხმებაზე საუბარი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.