ეკა ბესელია კორონავირუსის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
ეკა ბესელია კორონავირუსის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ პარტიის წევრებთან ერთად „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სტრატეგია წარადგინა, რომელიც სამ – ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებას მოიცავს.

ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ხედვა უმნიშვნელოვანესია, რათა პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ შემდეგ, ფიზიკურად გადარჩენილ ადამიანებს სახელმწიფომ რეალურად შესთავაზოს ისეთი გეგმა და ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გრძელვადიან პროცესში იმ რისკებს დააზღვევს, რაც ეკონომიკურ კრიზისსა და სახლში გამოკეტილი ადამიანების მდგომარეობას თან ახლავს.

„პარლამენტის პასიური როლი ძალიან შემაშფოთებელია. 7 აპრილს, ევროპის საბჭომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა, რამდენად ძლიერი უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლი. უნდა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, რომელიც გააკონტროლებს მთავრობის საქმიანობას, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის კონვენციის დადგენილი ნორმებიდან დროებითი გადახვევა, რაც რისკებს აჩენს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რათა არ მოხდეს დარღვევები. კონტროლი სჭირდება კორექტირებულ ბიუჯეტსაც, რომელსაც ამ დრომდე ველოდებით და არ არის. ასევე, საჭიროა, პარლამენტმა განიხილოს კონკრეტული დასაბუთებული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის დახმარება, რა გზით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტია „სამართლიანობისთვის“ სტრატეგიის ჯანდაცვის მიმართულება 11 რეკომენდაციას მოიცავს. მათ შორის, ეკა ბესელიას პარტიას მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს „კოვიდ-19“-ის მართვისთვის აუცილებელი საშუალებებისა და ტესტების მარაგი, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის საწოლებისა და სასუნთქი აპარატების ზუსტი რაოდენობის თაობაზე, უნდა გადაიხედოს ტესტირების სტრატეგია და გაფართოვდეს ტესტირების არეალი. რაც შეეხება ეკონომიკურ გეგმას, პარტიის პოზიციაა, რომ კორექტირებულ ბიუჯეტში წარდგენილი უნდა იყოს, რის ხარჯზე მოხდება დამატებითი რესურსების მობილიზება და როგორ მოხდება იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ახლა ყველაზე მეტად გაუჭირდა, დაკარგა შემოსავალი და საჭიროებს უსწრაფეს დახმარებას.