ეკა ბესელია - კომისიაზე პროკურორებმა თქვეს, რომ არ ყოფილა გარემოება, რომელიც სხვა პირის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველს ქმნიდა
ეკა ბესელია - კომისიაზე პროკურორებმა თქვეს, რომ არ ყოფილა გარემოება, რომელიც სხვა პირის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველს ქმნიდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყველა კითხვა დაისვა და პასუხი მივიღეთ, – ამის შესახებ კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ხომ არ არსებობდა სხვა პირის მიმართ ბრალის წარდგენის გარემოება, რომელსაც ბრალი არ წაუყენეს.

„ალბათ, ყველაფერს ბოლოს შევაფასებ. ვიტყვი, რომ ყველა კითხვა დაისვა და ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ხომ არ ყოფილა ისეთი გარემოება, რომელიც სხვა პირის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველს ქმნიდა და არ წარუდგინეს, რადგან სასამართლოს უფრო მაღალი სტანდარტი აქვს და ასეთი მტკიცებულებები საკმარისი არ იქნებოდა. პროკურორებმა თქვეს, რომ მსგავსი გარემოებები არ იყო და მათ შორის, იმ კითხვებს უპასუხეს, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიმართ რეკომენდაციის სახით იყო მიღებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ბესელიას თქმით, ის იყო პირველი, ვინც გამოძიებასთან მივიდა და ინფორმაცია მიაწოდა.

„რაც ჩემთვის არის ცნობილი, მირზა სუბელიანს ბრალი წარდგენილი აქვს იმ ინფორმაციის შეუტყობინებლობაზე, რომელსაც სხვა პირის მიმართ ინფორმაცია ფლობდა და არა საკუთარი შვილის მიმართ. ის იყო პირველი, ვინც გამოძიებასთან მივიდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა, მისმა შვილმა ითანამშრომლა. როგორ შეაფასებს სასამართლო ბრალს, ეს უკვე სასამართლოს საქმეა და კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები – გიორგი გაბოძე და მიხეილ შაყულაშვილი გამოკითხეს.