ეკა ბესელია - საკანონმდებლო მუშაობის მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ჩვენს არგუმენტებს მერე გაიზიარებენ
ეკა ბესელია - საკანონმდებლო მუშაობის მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ჩვენს არგუმენტებს მერე გაიზიარებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხზე მსჯელობა დახურულ ფორმატში გაიმართა, შესაბამისად, სხდომის დახურვის მოთხოვნა საფუძვლიანი არ იყო და ამის საჭიროებაც არ იდგა.

ეკა ბესელიას თქმით, სხდომის დახურვა სრულიად გაუგებარი იქნებოდა.

„კომიტეტის ყველა სხდომის წინ საკითხებს წინასწარ გავდივართ და როგორც წესი, ეს ტრადიციაა. კითხვის დასმის პრობლემა არავის არ აქვს, კანონპროექტის განხილვა დახურულ ფორმატში კარგი პრაქტიკა არ არის, თუ საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას არ ეხება. როცა სანქცია იზრდება, ამას ღიად ვაკეთებთ, რადგან მოქალაქეებმა ვინც შეიძლება კანონის მომხმარებელი იყოს, იცოდეს, ზომები რატომ მკაცრდება, რითი დაისჯება და რატომ. არ შეიძლება, კანონმდებელმა საკანონმდებლო პროცესი ჩუმად წარმართოს ისე, რომ მოქალაქეებს არ აუხსნას, ამ კანონპროექტის განხილვისას რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. კანონი ქვეყნდება და შესაბამისად, სხდომის დახურვის მიზეზს ვერ ვხედავ. საკანონმდებლო მუშაობის მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ამ არგუმენტებს მერე გაიზიარებენ. კანონპროექტის განხილვის სტანდარტი როგორი უნდა იყოს, ეს ძალიან კარგად ვიცი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილის მოთხოვნას დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გიორგი ხატიძე შეუერთდნენ, რომელთაც სხდომა საკითხის განხილვისას დატოვეს, სხვა კანონპროექტზე მსჯელობისას კი, სხდომაზე დაბრუნდნენ.