ეკა ბესელია - კობახიძისა და მდინარაძის შეურაცხმყოფელ კომენტარებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავცემ პასუხს 
ეკა ბესელია - კობახიძისა და მდინარაძის შეურაცხმყოფელ კომენტარებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავცემ პასუხს 

მამუკა მდინარაძეც და ირაკლი კობახიძეც მხარს უჭერდნენ იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩატარებას წლის ბოლო კვირას, რითაც ისინი მხარს უჭერდნენ მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირველ არხს განუცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ არაეთიკური განცხადებები გააკეთეს.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვუპასუხო შეურაცხმყოფელ კომენტარს და ჩემი პასუხი იქნება ძალიან ღია. ამას გავაკეთებ, როცა დავბრუნდები, მდინარაძესაც და კობახიძესაც მინდა ვუთხრა, რომ ისინი ორივე მხარს უჭერდნენ კომიტეტის ამ სხდომის ჩატარებას წლის ბოლო კვირას, ამით ისინი მხარს უჭერდნენ ამ სიას. ეს არის პრინციპული შეუთავსებლობა, ღირებულებათა სხვაობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ახალი ვერსიის შემოტანის უნიჭო მცდელობას, რომ იყო რაღაც სხვა მიზეზი, რატომ ვერ ამბობენ, რა იყო ის სხვა მიზეზი. ვერ ამბობენ, რადგან არაფერი სხვა მიზეზი არ არსებობს ამ მიზეზის გარდა. კარგია, რომ კობახიძემ თავად ახსენა აგვისტოში იმ ფარული დინებების შესახებ, რომელიც მათ შორის მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა გუნდში და ეხებოდა სწორედ იურიდიულ კომიტეტს. კობახიძემ თავად ახსენა ეს და რადგან ახსენა, ამიტომ უკვე არ იქნება ჩემგან სწორედ ამ ეთიკური წესის დარღვევა, რომ ამას ვუპასუხო. რატომ არ მოხდა მაშინ ჩემი წასვლა კომიტეტიდან იქნებ ახსნას, ან რატომ უნდა გადავსულიყავი კომიტეტიდან და რატომ უნდა წავსულიყავი. ეს კითხვა დაუსვით მას, რატომ უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, როცა არ მქონდა ამის სურვილი და თუ ასე იყო, რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება აბა ამაზეც ისაუბროს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.