ეკა ბესელია - კობახიძე სიის სათავეში, ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ
ეკა ბესელია - კობახიძე სიის სათავეში, ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, რთულია პროგნოზირება, იქნება თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

„რაღაც ლოგიკას არ მიყვება ხოლმე „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, როდესაც საარჩევნო სიის შედგენა ხდება. 2016 წლის პარლამენტმა აჩვენა, რომ არ იყო გარკვეული ლოგიკის მიხედვით დალაგებული ეს სია და კვოტებით განაწილება ხდება. შესაძლებლობის მიხედვით არა, არამედ ვის მეტი გავლენა ჰქონდა ამ სიის ფორმირებაზე, რაც მიმაჩნია, რომ პრინციპულად არასწორი იყო. 2016 წლის პარლამენტმა აჩვენა, რომ არ იყვნენ პოლიტიკოსები იმ ნაწილში, ახალ შემადგენლობაში, რომელიც იმ სიის შედეგად შემოვიდა. პოლიტიკოსების ნაკლებობა იყო ერთ-ერთი პრობლემა და მეორე არათავსებადობა. სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, როგორც თანაგუნდელები, ეს არ არის ნორმალური ვითარება.

როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო. ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულე და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გაურკვეველი დაჯგუფება, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის“,- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას „ქართული ოცნება“ იგივე ლოგიკას თუ გაყვება, ანალოგიური სურათი იქნება.

თუმცა, ბესელიას განმარტებით, დარწმუნებულია, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება.

„რთული სათქმელია, იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში. თუ ლოგიკას მივყვებით – არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ, როგორც წესი, ალბათ არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მოხდა 20 ივნისი ისე, როგორც მოხდა. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს“,- განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას განცხადებით, ასევე არ ფიქრობს, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში შეიძლება იყოს მამუკა ბახტაძე.

„სიაში ბახტაძის ყოფნასაც არ ვფიქრობ. რთული წარმოსადგენია, ამ სიას სათავეში ვინ უნდა ჩაუდგეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ორი ეტაპი დასრულდა და არ მგონია, რესურსი ჰქონდეს, ისე განაახლოს შემადგენლობა, რომ დაიბრუნოს იმ ამომრჩევლის ნდობა, ვინც მაშინ ხმა მოგვცა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება, კობახიძე იყოს სიის სათავეში? – ბესელიამ ასე უპასუხა: „კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ. თუ ამ მოდელით მიდის „ქართული ოცნება“, რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს არჩევნებში სრულ კაპიტულაციას ნიშნავს“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.