ეკა ბესელია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა არა სამართლებრივი, არამედ პარტიული დოკუმენტი
ეკა ბესელია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა არა სამართლებრივი, არამედ პარტიული დოკუმენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, დასკვნა, რომელიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა არა სამართლებრივი, არამედ პარტიული დოკუმენტია.

ბესელია განმარტავს, რომ დასკვნა ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვებს, რომლებიც კომისიას ჰქონდა.

„ჩვენ, კანონმდებლებმა ამ კომისიის ჩატარებული მუშაობის შედეგად უნდა გავაანალიზოთ, რა სისტემური რეფორმები გვჭირდება. აქ პოლიტიკური მიზნით კი არ უნდა ხელმძღვანელობდე, რომ ეს ტრაგედია გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც მორალს მიღმა დაუშვებელია, მთავარი იყო, ჩვენ დაგვენახა ხელისუფლების რომელიმე ორგანო ან თანამდებობის პირი ხომ არ აფარებდა ხელს მკვლელს ან ხომ არ აყალბებდა მტკიცებულებებს, თორემ ხარვეზს ყველა საქმეში ვიპოვით.

ამ საქმეშიც დავინახეთ გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარი იყო სწორედ ის, რომ არ გამოჩნდა გარემოება რომ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეიძლება დამნაშავე უწოდო და ასეთს ხელი დააფარეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, დადგენილების პროექტი, რომელიც ამ საკითხზე უმრავლესობამ მოამზადა, აქცენტს საქმეში აღმოჩენილ ხარვეზებსა და სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე აკეთებს.

„ჩვენს რეკომენდაციაში ვწერთ, რა უნდა შეიცვალოს სისტემურად განათლების, უსაფრთხოებისა და ბავშვების დაცვის კუთხით. არ ვამბობთ, რომ არ არის პრობლემა, ვამბობთ რომ ამ პრობლემებს სისტემური რეფორმით უნდა ვუპასუხოთ და არა შურისძიების აქტითა და პოლიტიკური დოკუმენტით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.