ეკა ბესელია - ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე
ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას დიალოგი ექნება მხოლოდ მოსახლეობასთან იმ ყველა საკითხსა და პრობლემაზე, რაც მათ აწუხებთ.
„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა. ვაშაძე არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთი ინტერესების პირველი გამტარი. რა დიალოგი შეიძლება ვაწარმოოთ ამ ადამიანებთან?! როდესაც ევროპული სახელმწიფოები, დასავლელი ლიდერები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღიარებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას და ულოცავს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ამ ფონზე ეს განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ კომიკურია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოძალადე რეჟიმი.
„გრიგოლ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, ხალხს, რომელსაც კრიმინალებს და ქურდებს უწოდებ, იმ ხალხს, მილიონ ნახევარ ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს არ დაბრუნდება, პატივი სცეს. ვიდრე სხვას დაუწუნებდეს ლექსიკას, თვითონ გამართოს გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც. კრიმინალებს, ქურდებს და სხვა ეპითეტებით რომ მოიხსენიებს ამომრჩეველს, რომლის პრეზიდენტობასაც აპირებდა, კეთილი ინებოს და პატივი სცეს მათ.
საქართველოს მოსახლეობა არ დადის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებებზე და ამსტერდამიდან დადგენილ გრაფიკზე, ქართველმა ხალხმა უმრავლესობით თქვა, რომ მას არ უნდა მოძალადე რეჟიმი. ასე რომ, კეთილი ინებონ და გააანალიზონ ეს რეალობა და გააკეთონ დასკვნებიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პასუხზე.