ეკა ბესელია - ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით ბრუნდება   
ეკა ბესელია - ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით ბრუნდება   

რუსთავში დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას მართავენ.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ეს არის პირველი საჯარო შეხვედრა, რომელიც ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.

„გადავწყვიტეთ, რომ ხალხს ველაპარაკოთ და ავუხსნათ, თუ რატომ არის ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანი, რომელიც წარვადგინეთ ჩვენ მოსამართლეთა არჩევის წესზე და ეხება უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების არჩევას და რატომ იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ხალხის განწყობა ესმოდეს საქართველოს პარლამენტს. კობახიძის მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა იქნება ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, მოსახლეობის განწყობას კოლეგებს გაუზიარებენ.

„განწყობას, რომელსაც მივიღებთ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ვაპირებთ, გავუზიაროთ კოლეგებს, რათა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, დაუპირისპირდე საკუთარ ხალხს, როდესაც ეს ეხება ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, სამართლიანობას სამართალს. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ბრუნდება უკან ბუმერანგივით“, – განაცხადა ბესელიამ.