ეკა ბესელია - კარლ ჰარცელთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა
ეკა ბესელია - კარლ ჰარცელთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კარლ ჰარცელს დღეს დეპუტატები – ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი შეხვდნენ და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ეკა ბესელიას განცხადებით, მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში სრულად არის გათვალისწინებული ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციები.

„ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ძალიან საინტერესო იყო დიალოგი, ვაფასებ და ჩვენი პოზიციაა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც აქვს ძალზე მნიშვნელოვანი გზა მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში. ჩვენი კანონპროექტი შეიცავს სწორედ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირმა მოამზადა სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ჩვენ სრულად გავიზიარეთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჰქონდა ევროკავშირს და მათ ექსპერტებს. ამ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია მართლმსაჯულების მხარდაჭერა, ასევე ღირსეული მოსამართლეების არჩევა.

„შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ და ყველასთვის გასაგებია, რომ ნამდვილად ეს არის ჩვენი მიზანი. შესაბამისად, ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან რეფორმის პროცესში ამ კარგ თანამშრომლობას განვაგრძობთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის შემდეგ.