ეკა ბესელია - კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს
ეკა ბესელია - კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოში კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, იმის გამო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულებაა, გადაწყვეტილება ცხადი და გასაგები უნდა იყოს.

დეპუტატის თქმით, საპატრიარქოს ბოლო მოწოდების შემდეგ ყველა ნორმალური და გონივრულად მოაზროვნე ხელისუფლება კი არ იჩქარებს, არამედ ისე მოიქცევა, როგორც მმართველმა გუნდმა გუშინ გადაწყვიტა.

„კონსულტაციები უნდა გავიაროთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა და საპატრიარქოს პოზიციაც არსებობს, რომ ამ საკითხზე მაქსიმალურად ღია დისკუსია იყოს და პრინციპებზე დიალოგის შემდეგ უნდა შევჯერდეთ. ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ერთიანი პოზიცია იყო, რომ დიალოგი გაიმართოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ამ საკითხზე ბუნდოვანება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს”, – აცხადებს დეპუტატი.

ბესელიას მოსაზრებით, საპატრიარქოსთან დიალოგის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.

„კანონპროექტის ყველა პუნქტი დიალოგით უნდა გავაანალიზოთ და ისეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას არ დატოვებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საუბარი მარიხუანასა და მისი ჯგუფის ნარკოტიკების ლეგალიზებაზე არ არის. ამას ის პროექტი პირდაპირ ამბობს, რითაც აკრძალვები შემოდის. ასევე არ გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის ის ნივთიერება, რომელიც სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენება. პატრიარქმა თავისი პოზიცია ძალიან გონივრული და ბრძნული შინაარსით ბრძანა. მის განწყობას ვიზიარებ. არასწორი ინფორმაცია რაც ისმის, უნდა მოიხსნას და გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა მოსახლეობისგან თანხმობა გვექნება”, – განაცხადა ბესელია.