ეკა ბესელია - ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საშინელი განზრახვა უკან წაიღოს
ეკა ბესელია - ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საშინელი განზრახვა უკან წაიღოს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე, რომლის მიხედვითაც, კომიტეტმა მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია 14 კანდიდატს.

ბესელიას თქმით, პლენარულ სხდომამდე, სადაც საბოლოო კანჭისყრა უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს გადაწყვეტილება.

„საბოლოო კენჭისყრა უნდა მოხდეს სესიაზე. ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საბოლოოდ არ დაკარგოს, ბოლო წერტილი, რაც დარჩა, კიდევ აქვს შანსი კენჭისყრამდე, რომ უკან წაიღოს ეს საშინელი განზრახვა, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. ბოლო კენჭისყრა იქნება სესიაზე. მე გამოვიყენებ კიდევ ერთ ბოლო მცდელობას, რომ კენჭისყრაზე, სესიაზე იქნებ რამე შეიცვალოს. იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს დანაშაული ჩაიდინა, მან იძალადა. მისი მითითებით მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე. ამიტომ, მე მისგან არაფერს ველოდები, კლანის სამსახურის ფასად ზის იქ, სადაც ზის. ამიტომ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც თითს იშვერდა წარსულისკენ, მორალური უფლება დაკარგა. ვინც ხმა მისცა ახლა ამ ადამიანებს, სესიაზე, როცა პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს ამ ადამიანებს, მათი ბოლო შანსი იქნება, მთლიანად იქნებიან პასუხისმგებელი 9 წელზე, თუ არ გაემიჯნებიან ამ ძალადობას“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია შემდეგ კანიდატებს: მერაბ გაბინაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მაია ვაჩაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); თამარ ზამბახიძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შალვა თადუმაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ვლადიმერ კაკაბაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლევან მიქაბერიძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გიორგი მიქაუტაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნუგზარ სხირტლაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლალი ფაფიაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნინო ქადაგიძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ქეთევან ცინცაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ალექსანდრე წულაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი).

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად, რეკომენდაცია არ გაეწიათ შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შოთა გეწაძე (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); პაატა სილაგაძე (ორი მოხმრე, ერთი წინააღმდეგი); ლაშა ქოჩიაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გოჩა ჯეირანაშვილი (ერთი მოხმრე, ერთი წინააღმდეგი). რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.