ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი
ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ საბჭოში ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ბესელია მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მისი მსგავსი მოსამართლეების უფლებამოსილების საკითხი დგას.

„მე მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლედ ყოფნის სტატუსი, ეს არის გვრიტიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. მათი უფლებამოსილების საკითხია მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებიან. ძალიან სამწუხაროა, თუ სასამართლო ხელისუფლება დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავსი ტიპის ადამიანებს მათი სანდოობისა და იმიჯისთვის. ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, სასამართლოსადმი მოქალაქეთა ნდობას ყველაზე მეტად ის მოსამართლეები აზიანებენ, რომლებიც საკუთარ პროფესიას უღირსად წარმოაჩენენ.

„ვერც ანა დოლიძე, ვერც ეკა ბესელია და ვერც ვერავინ სხვა დააზიანებს სასამართლოსადმი ნდობის საკითხს ისე, როგორც ამას აკეთებენ მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ პროფესიას წარმოაჩენენ ძალიან უღირსად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო.