ეკა ბესელია - გენერალური პროკურორის არჩევის ფორმალურ პროცესს არ დავესწრები
ეკა ბესელია - გენერალური პროკურორის არჩევის ფორმალურ პროცესს არ დავესწრები

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ დაესწრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

როგორც ბესელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არც პლენარულ სხდომაზე არჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

ბესელია მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი მმართველმა პარტიამ დააზიანა და ის ფორმალური გახდა.

„იურიდიული კომიტეტი სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ ამ კომიტეტში დარჩენის რაიმე აზრი ვერ დავინახე. არ ვესწრები სხდომას და არც პლენარულ სხდომაზე არ დავესწრები არჩევის პროცესს. მგონია, რომ ეს პროცესი დააზიანა მმართველმა პარტიამ. პირველ რიგში იმით, რომ კონკურსის დასრულებამდე წინასწარ კეთდებოდა პროგნოზი ღია მხარდაჭერის, რამაც პროცესის მიმართ უნდობლობა გააჩინა. არ ვმალავ, რომ ამ პროცესს გულისტკივილით ვუყურებ. საუკეთესო შანსი იყო, რეფორმების შედეგად პროკურატურა დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გვეხილა. განცდა მაქვს, რომ რეფორმის პროცესში უკუსვლა ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ჩემს დამოკიდებულებას გულისტკივილით გამოვხატავ. არჩევის პროცესი იმდენად ნეგატიურ ტალღაზე გადავიდა, რომ მგონი, მოულოდნელი არაფერი აღარ არის. დარჩენილია, მხოლოდ ფორმალური პროცესი“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.