ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია პატარა ჯგუფმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს ლობირებს
ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია პატარა ჯგუფმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს ლობირებს

იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია იმ პატარა ჯგუფმა, რომელსაც აქვს ღია ინტერესი და ლობირებს მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირველ არხს განუცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გედი ფოფხაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მეტი არაფერი იყო, თუ არა ბრძოლის გაგრძელება.

„ეს ბრძოლა ფარულად დიდი ხანია, მიმდინარეობს, ამას უკვე თავად კობახიძემაც ახადა ფარდა და თავად პირველად ახსენა ეს საჯაროდ, ამაში ალბათ მეტი სიცხადის შეტანა იქნება საჭირო. საქართველოში როდესაც დავბრუნდები, ვაპირებ, საზოგადოებას ვესაუბრო. მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას. მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ნამდვილად სამართლიან გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პროცედურა დაირღვა, როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია ადამიანი,  თავმჯდომარის მოვალეობა უნდა შეასრულოს და ამ დროს ფრაქცია გაიწვევს. ეს პირდაპირ ნიშნავს კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლას.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე. სხვაგვარად ამ პატარა ჯგუფმა ვერ მოახერხა, რომ კომიტეტში თავისი ინტერესები გაეტარებინა. სამწუხაროა, რომ ახლა უკვე შემდეგი ეტაპი წამოიწყეს, რადგან მოსამართლეთა დასანიშნი კანდიდატების, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირების ახალი სია უნდა წარედგინოს პარლამენტს. როგორც ჩანს, ამ პატარა ჯგუფს სჭირდება, რომ იურიდიულ კომიტეტში არ იყოს ბარიერი, არ შეხვდეს მათ წინაღობა, რაც შეხვდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს არ ჩაინიშნა ამ სიის განსახილველად კომიტეტის სხდომა “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გუშინ გაიწვია.  გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობები დატოვეს.

დატოვე კომენტარი