ეკა ბესელია - მოსამართლეთა სიის ლობისტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არიან
ეკა ბესელია - მოსამართლეთა სიის ლობისტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არიან

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა ათკაციანი სიის ლობისტები არიან.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, 2019 წლის იანვრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ის კომიტეტი აღარ არის, რაც დამოუკიდებლობასა და იმ სტანდარტს ინარჩუნებდა, რომ კომიტეტს ქვეყნისთვის უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო.

„კომიტეტში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ათკაციანი სიის ლობისტი კოლეგები. ვინც ცვლილებებს ხმა წინააღმდეგ მისცა, ლობისტები არიან. ეს ახალი არ არის, ეს პროგნოზირებადი იყო და სესიისთვის ვემზადებით. ძალიან რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე დავაყენებთ კოლეგებს, რადგან ხმის წინააღმდეგ მიცემა ათკაციანი სიის ლობირებას ნიშნავს. რაც შეეხება ჩინჩალაძისა და კობახიძის ურთიერთობას კონსტიტუციის მომზადების პროცესში, ირაკლი კობახიძეს პროექტს ჩინჩალაძე აწვდიდა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები შენახული მაქვს, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებზე მქონდა. კონსტიტუციაში ბევრი კარგი წერია, მაგრამ იქ არ წერია, რომ უვადოდ ის მოსამართლეები უნდა აგვერჩია, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს. ეს კონსტიტუციის მიღმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოხდა. ზარდიაშვილის გვარის ხსენებაც კი შეურაცხმყოფს, რადგნ მასზე ქვემოთ და ფსკერზე დაბლა არავინ დარჩა და მასზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 დეპუტატის მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.