ეკა ბესელია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი 
ეკა ბესელია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

ბესელიამ განმარტა, რატომ არ გააკეთა გადადგომის თაობაზე განცხადება გუშინ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ კომიტეტის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის გადადგომაზე განცხადებას ელოდა.

„რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას თქმით, მისი გადადგომით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.

„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, პარლამენტმა და კომიტეტმა უნდა იმუშაონ იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც პროცესს  გამჭვირვალეს სამართლიანსა და სწორს გახდის.

ამასთან, ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია გაწვეული უნდა იყოს და არა,  შეჩერებული.

„უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მისი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა.

ბესელია იმედოვნებს, რომ პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ღირსეულ კანდიდატურას დაამტკიცებს.