ეკა ბესელია ითხოვს, პარლამენტმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიისგან ინფორმაცია მოისმინოს
ეკა ბესელია ითხოვს, პარლამენტმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიისგან ინფორმაცია მოისმინოს

გვინდა, მივიღოთ ინფორმაცია, რათა განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის შემდგომი მანდატი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პრობლემური თემის ფრაგმენტულად გაცოცხლება და ფრაგმენტული ვნებათაღელვა, რომელიც მოჰყვება ხოლმე ამ საკითხის გააქტიურებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მგონია, რომ არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება, როცა საქმე ესოდენ მნიშვნელოვან თემას. გუშინდელი და წინა პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ საკითხს სჭირდება ძალიან კომპლექსური ხედვა პარლამენტის მხრიდან. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ისტორიული მნიშვნელობის და ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობს დემარკაციისა და დელიმიტაციის სპეციალური სამთავრობო კომისია, მაგრამ ამ კომისიის მუშაობის შედეგები არ არის ცნობილი პარლამენტისთვის. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ფრთხილი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს განსახილველი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჭრილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა, რომელიც გახლავთ პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ორგანო, მიიღოს არა ფრაგმენტული ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით, არამედ დეტალური ინფორმაცია ამ კომისიის მუშაობის შედეგებისა და მისი გეგმის თაობაზე, გამოყენებული იყოს საპარლამენტო ფორმები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, მოსმენა საკომიტეტო ფორმატში, დახურულ რეჟიმში უნდა გაიმართოს.

„კონკრეტულ ფორმატს ვთავაზობთ პარლამენტს და ამ ფორმატში, როგორიც არის, მაგალითად, საგარეო საკითხთა კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ფარგლებში დახურულ ფორმატში დეტალური მოსმენა, რას აკეთებს ეს კომისია, რათა პარლამენტმა განსაზღვროს ამ კომისიის შემდგომი მუშაობის მანდატი, მისი მოქმედების არეალი და მას ჰქონდეს მუდმივი ინფორმაცია, რათა შემდგომ დაიგეგმოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მთავრობას განუსაზღვრავს ჩარჩოს, რომელშიც უნდა მოქმედებდეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, არასწორია დღეს არსებული ვითარება, როდესაც თემა პერიოდულად გაცოცხლდება, შემდეგ ისევ ჩაცხრება ვნებათაღელვა, შემდეგ კვლავ გააქტიურდება და უცნობია, ამ განცხადებების მიღმა რა ხდება.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აზერბაიჯანში მართავს შეხვედრებს, თუმცა არ ვიცით, ამ თემებთან დაკავშირებით არის თუ არა რაიმე დაგეგმილი. პარლამენტის ამ ორმა კომიტეტმა დამოუკიდებლად ან ორივემ ერთად, საკომიტეტო დახურულ ფორმატში დაგეგმოს მოკლე დროში სპეციალური მოსმენა, რომლითაც დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის დეტალურ ინფორმაციას გაეცნობა. ჩვენ გვინდა, ეს ინფორმაცია მივიღოთ, რათა განვსაზღვროთ როგორი იყოს კომისიის მუშაობის შემდგომი მანდატი. ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული საპატრიარქოც, მისი ჩართულობით უნდა მოხდეს ამ საკითხებზე კონსულტაციის გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.