ეკა ბესელია - ჰარცელის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ შეთანხმების ხელმომწერებმა ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს
ეკა ბესელია - ჰარცელის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ შეთანხმების ხელმომწერებმა ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ელჩის, ჰარცელის დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირი გზავნილია, ვინც 8 მარტის შეთანხმებას ხელს აწერდა, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს.

„იმ მეგობრებს, ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერებსა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩს, რომელთაც ამ საკითხზე დიდი დამსახურება აქვთ, ისევე, როგორც სხვა დიპლომატებს, სჭირდებათ დაინახონ, რომ  შეთანხმების პოლიტიკური მხარდაჭერა დიდია. მოწოდება იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით ცვლილებებს სჭირდება უფრო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა.

ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, ხმა მათ უნდა მისცენ ცვლილებებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება“.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.