ეკა ბესელია - გვაქვს ბოლო კონსულტაციები და მალე ყველაფერი ცნობილი გახდება, ვიმედოვნებ, ამ მზაობით შეთანხმებას შევძლებთ
ეკა ბესელია - გვაქვს ბოლო კონსულტაციები და მალე ყველაფერი ცნობილი გახდება, ვიმედოვნებ, ამ მზაობით შეთანხმებას შევძლებთ

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, დგება საკვანძო მომენტი, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი უნდა დაინიცირდეს.

ბესელია იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია კონსენსუსისთვის და ცვლილებებისთვის მზად არის.

ბესელიას განმარტებით, ოთხშაბათამდე აქტიურ კონსულტაციებს გამართავენ და კომპრომისული გზის მოსაძებნად იმუშავებენ.

„ჩვენ უკვე ახლოს მივედით მართლაც საკვანძო მომენტთან. სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ოთხშაბათს უკვე უნდა დაინიცირდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი. იმედი მაქვს,  მმართველი პარტია მზად არის ამ კონსენსუსისთვის და ცვლილებებისთვის. ამ ორ დღეში ჩვენ გვექნება აქტიური კონსულტაციები და ვიმუშავებთ, რათა მოინახოს კომპრომისული გზა.

მე მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია. ასეთი ძლიერი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასოდეს ჰქონიათ და ამისთვის დიპლომატებს მადლობა მინდა ვუთხრა. ალბათ ამ ორ დღეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ უკვე, რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ვიქნებით მზად. ახლა მთელი პასუხისმგებლობა გადავიდა მმართველ პარტიაზე. ჩვენ გვაქვს ბოლო კონსულტაციები და საბოლოოდ, დღეს-ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ უკვე ყველაფერი ცნობილი გახდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ამ მზაობით შეთანხმებამდე მივიდეთ, რომ მშვიდად და სამართლიანად ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელს დაეთანხმება.

„120/30-ზე, მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებისკენ უმრავლესობა ნაბიჯს გადმოდგამს, ისევე როგორც ამ პაკეტში შეიძლება იყოს კიდევ სხვა საკითხები ამასთან ერთად, რომელიც ასევე პრინციპულია, რათა შეთანხმება შედგეს“ ,- აღნიშნა ეკა ბესელია.