ეკა ბესელია - გერმანიის ელჩზე ვინც აკეთებს განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ესეც ალბათ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება
ეკა ბესელია - გერმანიის ელჩზე ვინც აკეთებს განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ესეც ალბათ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით პარტიებს კოლექტიური განცხადება არ გაუკეთებიათ და არ შეიძლება საუბარი, თითქოს ელჩს ყველა თავს ესხმის.

ბესელიას თქმით, პასუხისმგებლობა იმისაა, ვინც განცხადებას აკეთებს, თუმცა ესეც ალბათ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

„ეს არ ყოფილა კოლექტიური განცხადება და შეფასება, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკოსის შეფასება და არ შეიძლება გაიგივება, რომ ახლა ყველა თავს ესხმის გერმანიის ელჩს. ასე ნამდვილად არ არის. ვინც აკეთებს განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაა და ალბათ, ესეც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. რაც ვიცი, ორი განცხადება იყო. ვინც ამ ფორმას ირჩევს, ალბათ, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც იღებს.

ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, სხვების მსაჯული ვიყო. ასევე არ მომეწონა ის, რომ როცა 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას აკეთებს და აპროტესტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტში არჩევას და ამას მოჰყვება ისეთი შეფასება, რაც მოჰყვა ელჩის მხრიდან, რაზეც შემხვედრი კომენტარები იყო, ესეც არ იყო ნეიტრალური პოზიციის გამოხატულება. როცა ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს კანდიდატის შესაძლო წარდგენას, ამას თავისი სამართლებრივი საფუძველი აქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.