ეკა ბესელია - გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ გამოძიება ჩანაწერის გასაჯაროებამდე დაიწყო
ეკა ბესელია - გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ გამოძიება ჩანაწერის გასაჯაროებამდე დაიწყო

ძალიან გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ჩანაწერი გასაჯაროვდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა მთავრობის სხდომის მოწვევის საჭიროების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე.

„მთავრობის ნაწილში, ბუნებრივია, მთავრობის სახელით გააკეთებენ განცადებას. პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილში, ვფიქრობ, ძალიან გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ გამოძიება დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ჩანაწერი გასაჯაროვდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეზე ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, ნიშნავს იმასაც, რომ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლებელია კანონის ფარგლებში კონტროლის განხორციელება, ასევე იმას, რომ აღნიშნული საკითხი გარკვეული იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების შედარება ცინიზმია.

„გირგვლიანი მოკლა პოლიტიკურმა სისტემამ, ხელისუფლებაში მყოფმა მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კონკრეტულმა დამნაშავეებმა და ის იყო სისტემის მსხვერპლი. გირგვლიანის საქმე შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ, როგორც სისტემური დანაშაული. ხორავას ქუჩის ტრაგედია კი, მოხდა ბავშვებში და ამ ტრაგედიის დროს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი დანაშაულის ჩადენაში არ მონაწილეობდა. ყველა ვიყავით და ვართ დაინტერესებული, საქმე ბოლომდე იყოს გარკვეული და სასამართლომ დაადგინოს მართლმსაჯულება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.