ეკა ბესელია - ფარული ჩანაწერის გამავრცელებლების გარდა, უნდა გამოვლინდნენ პირები, რომლებისგანაც დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა
ეკა ბესელია - ფარული ჩანაწერის გამავრცელებლების გარდა, უნდა გამოვლინდნენ პირები, რომლებისგანაც დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა

ფარული ჩანაწერის გამავრცელებლების გარდა, უნდა გამოვლინდნენ პირები, რომლებისგანაც დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია გამოძიების სწრაფი რეაგირება. როგორც ეკა ბესელია ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ბესელიას განცხადებით, ჩანს, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. ​

„რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და დასასრული არ არის, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. ამაზე მეტყველებს დაკავებულ პირთა რაოდენობაც, თუმცა როგორც ჩანს, ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს. გარდა გამავრცელებელი პირებისა, რომლებიც პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, მთავარია ასევე გაირკვეს, ვისგანაც ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება თავიდან წამოვიდა. ვინც უკანონო ჩანაწერის გავრცელების ინიციატორი და ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში იყო. გამოძიებისგან ამ პასუხს ველოდები. სწრაფი მოქმედება და პრევენციული ღინისძიებებია საჭირო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაგეგმილ შეხვედრას, როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გამოძიებისგან მიიღებს ინფორმაციას, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.

„ეს ის მეთოდი და ფორმაა, რომელიც მიიჩნევა ოპონენტებთან ბრძოლის ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენი ბრძოლის ფორმად. ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთი ყველაზე დაუშვებელი სახე. მე ვიყავი ინიციატორი სწორედ ამ დანაშაულებრივი ქმედების გამკაცრების. ეს დანაშაულის ის ფორმაა, რომელიც ადამიანებისთვის მორალური ტერორის თვალსაზრისით ძალიან სახიფათოა და სხვათა დასაცავად ძალიან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ეს ჩემზე არანაირად არ მოქმედებს, ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი, ამიტომ პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციაზე, რომელსაც ევალება, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები დაცული იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, შანტაჟის აღნიშნული ფორმა მის შესაჩერებლად არის გამოყენებული, რასაც დანაშაულის ჩამდენები ვერ მიაღწევენ.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.