ეკა ბესელია - ევროსასამართლოს მერაბიშვილის გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს, პირიქით, თქვეს, რომ პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს
ეკა ბესელია - ევროსასამართლოს მერაბიშვილის გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს, პირიქით, თქვეს, რომ პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს

ევროპულ სასამართლოს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს, პირიქით, თქვა, რომ დაპატიმრების დროს პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის წევრ ერიკ კროსს, რომელმაც ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა.

„ეს არ იყო კორექტული შედარება. უფრო მეტიც, ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი. ეს არ იყო ობიექტური შინაარსის მატარებელი კითხვა და შეფასება. ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გათავისუფლებაზე არაფერი, პირიქით, ითქვა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს დაპატიმრების დროს და სასამართლომ კანონიერად ჩათვალა წინასწარი პატიმრობის გამოყენება.

რაც შეეხება ერთ ეპიზოდს, რომელიც საკნიდან გაყვანას ეხება, სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების ჩატარების თვალსაზრისით ადგილი ჰქონდა კონვენციის მუხლის დარღვევას და საუბარია ფინანსურ სანქციაზე, რასაც მიიღებს ქართული მხარე, როგორც რეკომენდაციას მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ რეკომენდაციას ჩვენ გავითვალისწინებთ და მოხდება აღსრულება. ეს არ ეხება გათავისუფლების თაობაზე რაიმე სახის ჩანაწერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ კროსმა ევროსაბჭოში განაცხადა, რომ მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„არ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ევროსასამართლო მე-18 მუხლის დარღვევაზე საუბრობს და ვანო მერაბიშვილის საქმე ასეთი საქმეების რიცხვს უკვე მიეკუთვნა.

როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას? საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა. იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ ევროსასამართლო მათ არ მოუწოდებდა იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ და ასეა ახლა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში“, – განაცხადა ერიკ კროსმა.