ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარულმა სხდომამ დღეს განიხილა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში: „სასამართლოს გარეშე განხილვის პროცედურები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში: უპირატესობები და რისკები“, რომელიც ბორის სილევიჩმა წარმოადგინა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

„საპროცესო შეთანხმების საკითხი ერთ-ერთი პრობლემატურია სისხლის სამართლის პროცესში. მე ვეთანხმები მომხსენებელს, რომ საპროცესო შეთანხმებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და სრულად ვიზიარებ იმ არგუმენტებს, რაც ანგარიშშია“,- განაცხადა ქართველმა პარლამენტარმა.

მისივე თქმით, 2017 წლის გასაჩივრების სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ დღეს საპროცესო გარიგებას ბრალდებული აღიქვამს როგორც ერთგვარ შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ ამარტივებს მართლმსაჯულების პროცესს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგებების იძულებითი ხასიათის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მყარი გარანტიების შექმნა.

„2012 წლამდე ევროკომისარი აკრიტიკებდა საქართველოში არსებულ პრაქტიკას. დღეს საქართველო დასახელებულია ამ რეზოლუციის პროექტში როგორც კარგი მოდელი, დაცვის კარგი სტანდარტი და იმ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა: საფრანგეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები დაცვისთვის და დღეს, ეს სტანდარტი გამყარდა ჩვენი კანონმდებლობით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.