ეკა ბესელია - ევროპის მასშტაბით, საზოგადოებრივი მაუწყებლები შერეული,  მათ შორის კომერციული შემოსავლებით ფინანსდებიან
ეკა ბესელია - ევროპის მასშტაბით, საზოგადოებრივი მაუწყებლები შერეული, მათ შორის კომერციული შემოსავლებით ფინანსდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კოლეგებს ურჩევს, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მართლა გული შესტკივათ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის დასკვნებს თვალი გადაავლონ, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხზე დეტალური შეფასებებია წარდგენილი.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, ეკა ბესელიამ ერთი მხრივ, ყურადღება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მოსაზრებებზე გაამახვილა, მეორე მხრივ კი, დეპუტატებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დეპუტატის თქმით, განსხვავებულ აზრს და კრიტიკულ მოსაზრებას პატივს სცემს. მათ შორის თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი შეხედულება გამოთქვა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ნათლად დავაფიქსირო, რომ ჩვენ სამუშაო ფორმატში ერთად ვიმუშავეთ, რამდენიმე მათგანი ამ კანონპროექტის ინიციატორია და ცოტა უჩვეულო ვითარებაა. ბატონი რომანი, ცოტა გახალისდა, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან არ მგონია, რომ სიხალისისთვის ეს თემა რაიმეთი გამოგადგეთ, რადგან ეს ისეთი პროცესია, რომელიც ერთი მხრივ, ღია დისკუსიას აჩვენებს იმ თემაზე, რომელიც თქვენგან განსხვავებით, გულწრფელად გვაწუხებს და გვინდა, რომ მაუწყებელს მივეხმაროთ, რათა დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს, თქვენი პერსონალური შეტევებისა და ნეგატიური განწყობების შექმნის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს, რომ მაყურებელი მოიზიდოს და ჰყავდეს. საინტერესო თემები და პროექტები აქვთ. იმედი მაქვს, ის რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლა მიმდინარეობს, კარგ შედეგს მოიტანს“, – მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს ბესელიამ.

გამოსვლისას ბესელია გოცირიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა არ ეთანხმება.

„არასწორი ინფორმაცია, რომელზეც გოცირიძემ ისაუბრა, თითქოს მთავრობა პროექტს არ ეთანხმება, ასე არ არის. მთავრობის დასკვნა არსებობს და ბატონო რომან, მასში ჩახედეთ და ნახავთ, რომ მთავრობა იმ რედაქციას ეთანხმება, რომელიც დღეს იხილება. ამ რედაქციამდე ძალიან დიდი სამუშაო პროცესი იყო და ეს არის ერთწლიანი კონსულტაციები, დისკუსია, შიდა განხილვები. ბევრი შეხვედრა და ბევრი მცდელობა იყო იმისთვის, რომ საკითხი გარკვეულ კონსენსუსამდე მისულიყო, რომელიც ძალიან სპეციფიურია და სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, პროექტი მნიშვნელოვნად და ძირეულად შეიცვალა. ბევრი რამ გასწორდა და დაიხვეწა. მათ შორის, ფორმულირებების გადაწყობა ჩვენი კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების მიხედვით მოხდა. საბოლოოდ, ის მინიმალური ცვლილება დარჩა, რაც პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებულია, თუმცა ორი საკითხია, რომელზეც კოლეგების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები იყო გამოთქმული. ამ მოსაზრებებს პატივი ვცეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება მივიღოთ, ვისაც მიაჩნია, რომ ამ ცვლილებით შესაძლებელია მაუწყებლისთვის შეშველება. არ ვიცი, ეს ბოლო იქნება თუ ბოლოს წინა, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ რეფორმის მხარდაჭერა საჭიროა. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს მოიტანს და ამ პროცესს დავაკვირდებით“, – განაცხადა ბესელიამ.

საკითხზე საუბრისას ეკა ბესელიამ ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის დასკვნიდან ის ციტატები წაიკითხა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტს ეხება.

„ეს სამაუწყებლო კავშირი მსოფლიოს წამყვანი საზოგადოებრივი მედია ორგანიზაციების ალიანსი გახლავს, რომელსაც ევროპის 56 ქვეყნიდან 74 წევრი ჰყავს. ალიანსს აქვს ერთიანი, ძალიან კარგი სტანდარტი იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც მაუწყებელს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აქვს. სხვათა შორის, მომავალ წელს, ჩვენი მაუწყებლის ბიუჯეტი ისევ 44 მილიონი ლარია. რაც შეეხება შეფასებებს, შესავალში ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი კავშირის ღირებული წევრია, რომელმაც კანონში დადგენილ შესაბამის ცვლილებებზე ექსპერტიზა გვთხოვა. ბოლო პერიოდში, მაუწყებელმა მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი რამ გააკეთა, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ სრულად მხარდაჭერილია, თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა და წარმოდგენილი სამართლებრივი ცვლილებები ამ პოზიტიურ ტენდენციას გააძლიერებს. ასევე სარეკლამო შეზღუდვებთან დაკავშირებით მითითებებულია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი საკანონმდებლო ცვლილებას მიესალმება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაწესებული სარეკლამო შეზღუდვების ზომიერ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, რაც ისეთი ახალი სარეკლამო ტექნიკის გამოყენებისთვის მის მოქნილობას გაზრდის, როგორიცაა სპონსორობა. ევროპის მასშტაბით, საზოგადოებრივი მაუწყებლები შერეული შემოსავლების წყაროებიდან ფინანსდებიან, მათ შორის კომერციული შემოსავლებით. კომერციული შემოსავალი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მთლიან დაფინანსებაში და რეკლამა ყველაზე დიდ წილს დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს. ამ თვალსაზრისით შემოთავაზებული ცვლილებები უფრო შემზღუდველია, ვიდრე ის დირექტივა, რომლითაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები ხელმძღვანელობენ და ეს მიდგომები კიდევ უფრო ლიბერალურია იმ მკაცრ წესებთან შედარებით, რაც ევროპაში არსებულ მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებში კანონით გათვალისწინებულია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ არ შეწუხდებით და მართლა გული შეგტკივათ, ამ შეფასებებს თვალი გადაავლეთ, რადგან ამ ცვლილებებს სამი დასკვნა ახლავს, სადაც ყველა საკითხთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასებები დეტალურადაა მოცემული“, – მიმართა დეპუტატებს ბესელიამ.