ეკა ბესელია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთში აღრევა
ეკა ბესელია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთში აღრევა

გამოხატვის თავისუფლება, აქციის გამართვის უფლება არის კონსტიტუციური უფლება, რომლისთვისაც ხელისუფლების მხრიდან ყველა პირობის შექმნა ვალდებულებაა, ეს ძალიან კარგად ვიცით იმ ადამიანებმა, ვინც გამოხატვის თავისუფლებისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და მისი ფასი კარგად ვიცით, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვისა და შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში, სწორედ ამ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც სამართალდამცველები ამბობენ, რომ კონკრეტული ინფორმაციები აქვთ, რომელიც შეიძლება საზოგადოების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი იყოს, უნდა შეაფასონ, ამ უფლების შეზღუდვის აუცილებლობა არის თუ არა.

ერთის მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამოხატვის უფლება ჰქონდეს ყველას, ეს იქნება შვილმკვდარი მამა თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე. გამოხატვის უფლებას უზრუნველვყოფთ, თუმცა თუ მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად, გაკეთდება განმარტებები, რაზეც საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, რომ საზოგადოების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის უნდა მოხდეს რეაგირება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში დაწყებულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა და აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოტანილი განაჩენის გადახედვა დაიწყო.

ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთში აღრევა. ამასთან, აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს სამართლიანად.

„ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია საკითხით, მართლმსაჯულებას უნდა მიჰყვნენ, რადგანაც პარლამენტი ვერავის დაიჭერს და გაათავისუფლებს. მოთხოვნა, რომ პოლიტიკურმა ორგანომ მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ან ვიღაცის თავისუფლებას შეზღუდავს, ან გაათავისუფლებს ციხიდან, არ არის სამართლებრივად შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება, რომელიც პირველმა ინსტანციამ მიიღო, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ჩვენ კი საკანონმდებლო პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უნდა განვახორციელოთ კონტროლი. ეს თუ არ გაიმიჯნა ამ ქვეყანაში, სამართლიანობასა და დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი შეუძლებელია.

მესმოდა შედარება – 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წელს საკნების აქციაზე დაგვარბიეს. დიახ, ჩვენ ბევრი აქცია გამოვიარეთ და წლები ვიბრძოდით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, მაშინ იმაზე მეტი იდგა ქუჩაში, ვიდრე ოდესმე. იმ პერიოდში ჩვენ პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით, ჩვენზე ძალადობდნენ. ამიტომ, ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, სადაც არ არ არის შეზღუდვა აუცილებელი, უნდა ჰქონდეთ გამოხატვის უფლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა ვიძალადოთ იმ სამართალდამცველებზე, რომლებიც იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ რომ გვარბევდნენ, საპასუხო ძალადობაზე არ გადავდიოდით, ამიტომ ვინც გვახსენებს იმ წლებს, არასოდეს გადავსულვართ ასეთი ტიპის ძალადობაზე. მინდა, ვისურვო, რომ კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს, მაგრამ ეს უფლება ყველამ დაიცვას, დაზარალებულმაც, ხელისუფლებამ და ნებისმიერმა მოქალაქემ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.