ეკა ბესელია - დროა საჭირო, რომ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ერთზე შევჯერდეთ
ეკა ბესელია - დროა საჭირო, რომ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ერთზე შევჯერდეთ

​დროა საჭირო, რომ იმ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან, რომელზეც იქნება მსჯელობა, ერთ ღირსეულ კანდიდატზე შევჯერდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, მიდის მსჯელობა სხვადასხვა კანდიდატურებზე, თუმცა ინდივიდუალურ ფორმატში.

„ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს მაღალი პასუხისმგებლობით ვუყურებთ. რა თქმა უნდა, გვყავს, განვიხილავთ და ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიებზე. ჯერჯერობით, ეს კონსულტაციები არ არის დასრულებული და არ ყოფილა რაიმე ფორმატი დაგეგმილი. ეს არის მხოლოდ ინდივიდუალურ ფორმატში მიმდინარე კონსულტაციები. ძალიან მოკლედ დროში, რადგანაც არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო არის დარჩენილი, ჩვენი გუნდი უკვე ისაუბრებს და დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს. მაგრამ, ეს არ არის ამ დროისთვის გადაწყვეტილი საკითხი, ეს არ არის დღეს სასაუბრო თემა, ამ პროცესში ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს, ნუ ვიჩქარებთ და არ მგონია, რომ დაგვიანდეს ის ეტაპი, როდესაც დასახელდება კანდიდატი. რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული კანდიდატი განიხილება.

მე ვერავის ვერ გამოვრიცხავ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კონსულტაციები არის მიმდინარე და საბოლოოდ გუნდი უნდა შეჯერდეს ერთიან პოზიციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენთვის, არის ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც შესაძლოა, იყოს განხილული, გამორიცხვით არავის არ გამოვრიცხავდი, მაგრამ დაველოდოთ, მოკლე დროში ალბათ დასახელდება, ვინ იქნება ის, ვისაც შეარჩევს მმართველი გუნდი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, ექნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მისი მხარდაჭერა, ეკა ბესელია ამბობს, რომ

„სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და იცით ჩემი დამოკიდებულება მასთან დაკავშირებით – უაღრესად დადებითი. არ ვისაუბრებთ მასზე ამ კონტექსტში. როგორც გითხარით, რაღაც დრო იქნება საჭირო, რომ იმ ღირსეულ კანდიდატთაგან, რომელზეც იქნება მსჯელობა, შევჯერდეთ ერთ ღირსეულ კანდიდატზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.