ეკა ბესელია – დიმიტრი გვრიტიშვილისნაირი ადამიანები რომ მოსამართლედ იწოდებიან, ეს არის მთელი ამ პროცესის კრახი
ვფიქრობ, სახიფათოა, რომ ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში იყვნენ, – ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ფარული ჩანაწერები თავად დეპუტატ ეკა ბესელიას გაევრცელებინა.
ბესელიას შეფასებით, ასეთი ადამიანები მართლმსაჯულების მანტიის ქვეშ არ უნდა იყვნენ.
„ასეთი ადამიანები რომ მოსამართლედ იწოდებიან, ეს არის მთელი ამ პროცესის ნამდვილად კრახი. ისინი არ უნდა იყვნენ მართლმსაჯულების მანტიის ქვეშ, რადგან სახიფათო იქნება, ჩვენი მოქალაქეების საქმე განსაჯონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ასეთი ამაზრზენი და ყოვლად დაუშვებელი მოსაზრებით თუ ბრალდებებით გამოდიან. ამაზე უარესი რა შეიძლება წარმოიდგინო, ვიდრე ეს ფორმა და მეთოდია? ამაზე უარესი თუ რამე შეიძლება წარმოიდგინო, არის ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი. სახიფათო მგონია ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში. ეს არის რეალობა, რომელიც იოლად ხსნის, რისთვისაც ჩვენ ახლა ვიბრძვით“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს თავად გადაუსვეს ხაზი მოსამართლეებმა.
„ძალიან გული მწყდება, რომ რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, თავად ამ მოსამართლეებმა აბსოლუტურად წყალში ჩაყარეს და ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ამ როლიდან მოლაპარაკე, პრაქტიკულად ამბობს, რომ არის ისევ იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომლიდანაც მოდის“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, ეს არის მძიმე რეალობაა, რომელიც უნდა შეიცვალოს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, უნდა შეჩერდეს.
„უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა, არ შეიძლება, მათთან ერთად იწერებოდეს კანონპროექტები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული ნორმები, კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს ისევე, როგორც ეს კრიტერიუმები უნდა დაიწეროს პარლამენტში და არა მათთან ერთად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.