ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს მიმართავს - დავასრულებ გამოსვლას და შენთვის მოვიცლი [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ, ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სიტყვით მიმართავდა მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს, რა დროსაც დავით მათიკაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და კორექტულობისკენ მოუწოდა.

„თქვენ ხართ ის მოსამართლე, რომელსაც არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია 2012-წლამდე. 2012 წლის შემდეგ რატომღაც გაჩნდა. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რადგან ის ჯოჯოხეთი, ორი წელი გავიარე და იმ საქმეში, ორს საპროცესო შეთანხმება დაადებინეს, ჩემ შვილსა და ძმას ვერ დაადებინეს საპროცესო შეთანხმება, ისე მოვიდა ეს საქმე თქვენამდე. ვიბრძოდი იმისთვის, რომ თქვენი სასამართლო გათავისუფლებულიყო. ეს არის 2010 წელი. 2009 წელს დაიჭირეს ორივე. იმისთვის ვიბრძოდი, რომ თქვენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიგეღოთ და ამის გამო ხდებოდა ეს პოლიტიკური დევნა, რომელიც არც ერთ პოლიტიკოსს ისე სასტიკად არ გადაუტანია, როგორც მე გადავიტანე თავის დროზე და დღეს თქვენ აქ უტიფრად, ჯალათის სახით მოდიხართ“, – მიმართა ეკა ბესელიამ პაატა სილაგაძეს, რა დროსაც დავით მათიკაშვილმა მას სიტყვა გააწყვეტინა და კორექტულობისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს მიმართა, „ხელი არ შეეშალა“.

„ნუ მიკაკუნებ კალამს. გირჩევ, გაჩერდე. შენ საერთოდ ინტერესთა კონფლიქტი გაქვს და გაჩერდი, არ უნდა შენი დახმარება. სხდომა შენ საერთოდ არ უნდა მიგყავდეს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ხელს ნუ მიშლი. დათო, შენ რომ ასევე ამ კლანის ლობისტი და მათი ხელის ბიჭი ხარ, ეს ჩვენ ვიცით.  გაფრთხილებ, დამასრულებინე სიტყვა. დავასრულებ და შენთვის მოვიცლი. ეტყობა, ვერ ისწავლე აქამდე, როგორ უნდა მოიქცე. კიდევ ერთხელ გამორთავ მიკროფონს და დანარჩენს მერე ნახავ. მათიკაშვილო, შენ ხარ ზუსტად ამ კლანის ერთ-ერთი იაფფასიანი მდარე ლობისტი. ხელს ნუ მიშლი, სხდომის გაგრძელება თუ გინდა, თორემ მაგალითები წინ გაქვთ და უარესი არ დაგემართოს შენ პირადად“, – მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.