ეკა ბესელია - დაუშვებელია, მოსახლეობამ არ იცოდეს, რაში ხარჯავს პრეზიდენტი თანხას
ეკა ბესელია - დაუშვებელია, მოსახლეობამ არ იცოდეს, რაში ხარჯავს პრეზიდენტი თანხას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ბიუჯეტიდან დახარჯული თანხები გამჭვირვალე უნდა იყოს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დაუშვებელია, მოსახლეობამ არ იცოდეს, რაში ხარჯავს პრეზიდენტი თანხებს.

„პრეზიდენტი ბიუჯეტიდან რა ფულს ხარჯავს, ყველაზე გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როდესაც ვნახე სააკაშვილის ბიუჯეტიდან დახარჯული ხარჯები, მათშორის იყო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პირადი საჩუქრებისთვის გაღებული ხარჯები. ერთი დოკუმენტი გამოვაქვეყნე, სხვათა შორის ჩვენი მოქმედი დეპუტატია. სხვა დოკუმენტებიც მაქვს. ეს დოკუმენტები გასაიდუმლოებულია და უკვე სასამართლოში იხილება. თავის დროზე დოკუმენტაცია პარლამენტში გამოვითხოვეთ, პრეზიდენტის მხრიდან საჩუქრების შეძენა საჯარო მოხელეებისთვის როგორ ხდებოდა. დოკუმენტები ძალიან დიდი ხანი გრიფით საიდუმლო იყო. დაუშვებელია, რომ მოსახლეობამ არ იცოდეს პრეზიდენტი თანხას რაში ხარჯავს. მისი ფულით მეგობრებს საჩუქრებს უკეთებს, თუ ეს ფული პირადი სურვილებისთვის იფანტება. ფაქტია, რომ ასეთი 8 მილიონზე მეტი აღმოჩნდა და ეს “პიჯაკების” საქმე არ არის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ დეტალურად და საჯაროდ უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.