ეკა ბესელია - დასაკარგი დრო არ არის, რაც სასამართლოში ხდება, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს
ეკა ბესელია - დასაკარგი დრო არ არის, რაც სასამართლოში ხდება, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს

საქართველოს პარლამენტში დეპუტატების ნაწილი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს ხვდება. შეხვედრის თემა საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვაა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სასამართლოში მიმდინარე მოვლენები სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

„ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ არის. ამიტომ პარლამენტმა რამდენიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შემოთავაზებულია რეზოლუციის ტექსტი. მე ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ. ეს არის შეფასება, რა იყო სასამართლოში, რამდენად მძიმე იყო სიტუაცია, მაგრამ რეფორმების შემდეგ, ჩვენ დღეს მაინც სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც სასამართლოში მცირე გავლენიანი ჯგუფი მთელ სასამართლო კორპუსს მართავს და მივიღეთ სურათი, როდესაც უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა საქმიანობაზე წარსულში უმძიმესი კითხვებია. ეს რეზოლუცია მისაღებია“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის განმარტებით, რეზოლუციით განისაზღვრება დღის წესრიგი, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური დროებითი კომისიამ რომელიც განსახორციელებელი ცვლილებების ვადებს განსაზღვრავს.

„ეს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობას და საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება. წინ გველოდება ყველაზე მძიმე და რთული პროცესი. ეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევაა. ვხედავთ, იუსტიციის საბჭოში პროცესი უკვე როგორი დარღვევებით მიმდინარეობს, რაც მეტად ზრდის უნდობლობის საფუძველს. როდესაც ჩვენ ამ რეზოლუციის ინიცირებას დავიწყებთ, საინტერესო იქნება უმრავლესობის იმ დეპუტატების მოსაზრება, რომლებიც რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ“, – განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

მიმდინარე წლის 4 ივნისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს მიმართა რეზოლუციის პროექტით, რომელიც მათ ინფორმაციით, „მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეფასებას და ამ პრობლემის დაძლევის მიზნით საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას“.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა რვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან თანამშრომლობით იმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, სადაც მიწვეული არიან რეზოლუციის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დეპუტატები.

დატოვე კომენტარი