ეკა ბესელია - ჩვენი ინტერესია, მიატოვიჩი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდეს და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს გაეცნოს
ევროპის საბჭოს ეყოლება ძალიან კარგი კომისარი,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩის არჩევის შემდეგ განაცხადა.
ბესელიას თქმით, ქართული მხარის ინტერესია, დუნია მიატოვიჩი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდეს და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ადგილზე გაეცნოს.
„ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია ქალბატონი დუნია მიატოვიჩი. ჩვენ ვთანამშრომლობდით მასთან მედიისა და უფლებების საკითხებზე. ევროპის საბჭოს ეყოლება ძალიან კარგი კომისარი. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს კომისარი ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მოთხოვნას ყოველ წელს ვაყენებდით. კომისარმა ადგილზე უნდა ნახოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადიც იქნება ევროსაბჭოს კომისრის მხრიდან.
ეს ყველაზე პრინციპული საკითხია. პოლიტიკურ ჯფუფში ამ თემაზე მსჯელობის დროს და კანდიდატთან გასაუბრებისას წამოვწიეთ ეს საკითხი. ახალი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებებს უნდა გაეცნოს“,- განაცხადა ბესელიამ.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დღეს დუნია მიატოვიჩი აირჩიეს.