ეკა ბესელია - ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულში ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა
ეკა ბესელია - ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულში ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა

დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანა ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აბსოლუტური ფიქციაა საუბარი, ვინმე იქნება თუ არა დაცული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გვაქვს თუ არა წარმატება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მერვე წელს ისევ დგას საკითხი, წარსულში დავბრუნდებით, თუ უკეთეს მომავალს ვთავაზობთ ხალხს. დღეს პარლამენტში სწორედ ამ განცხადების გასაკეთებლად მოვედი. ეს კვირა იქნება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მთელი 2019 წლის განმავლობაში და ამაზე უფრო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამ პარლამენტს ნამდვილად არ ექნება მისაღები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე აბსოლუტურად პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატია და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულში ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა. საპროტესტო აქციის დროს ვიქნები კომიტეტის სხდომაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი იქ არის, სადაც კენჭისყრა იქნება. მოქალაქეები პარლამენტთან უნდა მოვიდნენ და იქ იდგნენ 10:00 საათიდან, რათა პარლამენტს ესმოდეს, მისი მანდატის უკან მდგომი ადამიანები აპროტესტებენ ამ 20-კაციან სიას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.