ეკა ბესელია - ჩემი თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება და სხვას არაფერს
ეკა ბესელია - ჩემი თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება და სხვას არაფერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მტკიცებით, მისი თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს იმის გარდა, რაზეც ისაუბრა.

„ეს მიზეზი ჩემზე უკეთ არავინ იცის. გადაწყეტილება იმ პროცესს უკავშირდება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით დაიწყო. ვგულისხმობ როგორც პროცესს, ასევე სიასთან დაკავშირებით მქონდა და მაქვს პრინციპული პოზიცია.

ჩემი გადაწყვეტილება ამ საკითხებს უკავშირდება და სხვას არაფერს. ირაკლი კობახიძე რაზე საუბრობს, არ ვიცი, ჩემთვის მთავარია, ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ გარანტირებული იყოს კრიტერიუმებითა და კანონში შესაბამისი ცვლილებით ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამართლიანობის განცდას შეუქმნის “, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობითაც გაიმართა შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად, დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ.

გარდა ამისა, თავადაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესაც უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა.

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.