ეკა ბესელია - ჩემი ინტერესი არ არის, უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ იმის გამო, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას სჩადიოდნენ
ჩემი ინტერესი არ არის, უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ იმის გამო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ, რას სჩადიოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან და კრიმინალური პოლიციის უფროსთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბესელია მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე დანაშაულებრივ ქმედებაში ბევრი ადამიანის გაუაზრებლად ჩართვა არ უნდა მოხდეს. ამიტომ დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააფრთხილონ მოქალაქეები, რომ უკანონო ჩაწერა და გავრცელება, ასევე მასალის შენახვა, არის სისხლის სამართლის დასჯადი ქმედება.
„დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელსაც შეიძლება არც კი ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის ან გაზიარებას, ან შენახვას. თუმცა არიან ადამიანები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს გადამოწმება მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით, ამაზე გამოძიება ისაუბრებს“, – განაცხადა ბესელიამ.
„პირველ რიგში, ჩემთვის მთავარია, მოქალაქეები დაცული იყვნენ ასეთი უკანონო ქმედებისგან. მეორე, გამოძიება აუცილებლად უნდა მივიდეს დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამ უკანონო მოქმედების განხორციელება და არა მხოლოდ იმ პირების დაკავება, ვინც ინტერესის გამო, თუ გაუცნობიერებლად, ან შეიძლება რაღაც პოლიტიკური ანტიპატიითა თუ განწყობით იზიარებს ან ავრცელებს ამ მასალას, უკანონო ჩანაწერს”, – ამბობს ბესელია.
მისი განმარტებით, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ისევ საგამოძიებო ორგანოებს დააზარალებს.
„თუ ლოგიკას გავყვებით, წესით უნდა მქონდეს საფუძველი, ვიფიქრო, რომ მათ ინტერესებშია ამ დანაშაულის ბოლომდე გახსნა, მათაც ძალიან კარგად ესმით ეს და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი, ძალიან ღიად. ჩემი განწყობაც ვუთხარი, ეჭვები და ვარაუდებიც გავუზიარე. ფაქტია, ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს, ამ ღია კონფლიქტსა და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ, მეც და რამდენიმე ადამიანს იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ”, – აცხადებს ბესელია.
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.