ეკა ბესელია – ბრიტანელი ექსპერტების დასკვნის შემდეგ სერიალებად ქცეულ ამ ჩანაწერებს ჩემთვის ფასი საერთოდ დაეკარგა
სერიალებად ქცეულ ამ ჩანაწერებს ჩემთვის ფასი საერთოდ დაეკარგა. ეს უკვე სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელია,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა იმის დადასტურებაა, რომ ასეთი ჩანაწერები უტყუარ ფაქტად არ უნდა მივიღოთ.
„თუ ამ საკითხის სამართლებრივი მხარე გაინტერესებს, პირველ რიგში მე მგონია, რომ პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანი, ნებისმიერ ასეთ მასალას საგამოძიებო ორგანოს მიუტანდა, გადასცემდა და ამ ფაქტების გადამოწმებას მოითხოვდა. ასეთი რამ არ ხდება და ვხედავთ, რომ ყოველდღე თითო-თითო სერიას უნდა ვუყუროთ ჩანაწერის, რომლის არც ავთენტურობა და არც კანონიერება დადასტურებული არ არის. უფრო მეტიც, გუშინ გაცხადდა ერთ-ერთი ადვოკატის, ხატიაშვილის მხრიდან, რომ არსებობს ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ერთ-ერთ ჩანაწერზე, რომელზეც დადასტურდა, რომ ფალსიფიცირებულია, ანუ არის მონტაჟი. ორწუთნახევრიან ჩანაწერში ექვსი სხვადასხვა ხელოვნური გადაბმაა, რაც ბუნებრივია, საერთოდ თავდაყირა აყენებს ვერსიას.
ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი პირველ რიგში კითხვას იწვევს, არის თუ არა ის ავთენტური და კანონიერი გზით მოპოვებული. მხოლოდ ამის გარკვევის შემდეგ იწყება მის შინაარსზე მსჯელობა, მით უფრო, გუშინ გავრცელებული ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ერთ-ერთი ჩანაწერი აშკარად სიყალბეა. სხვა ჩანაწერებზეც არ არის გამორიცხული იგივე მოხდეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია და ის პირები უკვე იკითხებიან, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს.
„გამოძიება უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ის პირებიც იკითხებიან. ჩანაწერებზე ცალ-ცალკე გამოძიება არ იწყება. ასეთი რამ სისხლის სამართლის კოდექსში არ ხდება. არსად არ წერია, რომ რამდენი ჩანაწერიც არსებობს, იმდენი ცალკე გამოძიება დაიწყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.