ეკა ბესელია - ბოლო პერიოდის ტენდენციიდან ჩანს, რომ მორჩილება ხდება მმართველ პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი
ეკა ბესელია - ბოლო პერიოდის ტენდენციიდან ჩანს, რომ მორჩილება ხდება მმართველ პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი

მეც ვიცოდი გიორგი ქობულიას შესაძლო გათავისუფლების თაობაზე და მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„უმჯობესი იქნება, თუ მმართველი პარტია და თავად გადაწყვეტილების მიმღები პირი აუხსნის საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. მაგრამ, არ მგონია გამონაკლისი ვიყო, მეც, ისევე როგორც ბევრ სხვას, მქონდა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან ბატონი ქობულიას შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. იყო გარკვეული საკითხები, როგორც ამბობენ, ის იყო განსხვავებული პოზიციის მატარებელი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება ალბათ იყო მიღებული“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს და ამ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა.

„ზოგადად, ბოლო პერიოდში უკვე ჩანს ტენდენცია, რომ ვინც ცდილობს, ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება და დაიცვას თავისი პოზიცია მმართველ პარტიაში, ეს ხდება დამშვიდობების მიზეზიც. შესაძლოა, ზოგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და შესაძლოა, ზოგის მიმართ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენციიდან ჩანს, რომ მორჩილება ხდება მმართველ პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

 

დატოვე კომენტარი