ეკა ბესელია - ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხალხს დაშორდა, რაც გულდასაწყვეტია
ეკა ბესელია - ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხალხს დაშორდა, რაც გულდასაწყვეტია

მთავარი იდეა, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო იქნებოდა და მის წილ სამართლიანობას ყველა მიაღწევდა, ბოლომდე მიყვანილი არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ შუა გზაზე ზურგი შეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, საოცარი გულდაწყვეტისა და სინანულის განცდა აქვს იმ გაშვებული შანსის გამო, რომელიც „ქართულ იცნებას“ ჰქონდა.

„პირველი ოქტომბერი არის ემოციური დღე და დღე, რითაც ერთი იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გვინდოდა, რომ ქვეყანაში სამართლიანი გარემო ყოფილიყო. თავისუფალი სასამართლოს იდეა ბოლომდე მიყვანილი არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ შუა გზაზე ზურგი შეაქცია. როგორც ჩანს, ძალაუფლებით ტკბობა იმდენად დიდი ცდუნებაა, რომ ხელისუფლებას უჭირს, დაინახოს ის, რომ ხალხის ნებას უნდა გაჰყვეს. აქ მოხდა კონფლიქტი იდეასთან. სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხალხს დაშორდა. ეს გულდასაწყვეტია, რადგან ჩასაფრებულ პოზიციაში არ ვარ, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოყვანაში დიდი წვლილი მაქვს. სამწუხაროდ, ბევრს იმედები გაგვიცრუეს. რვა წლის შემდეგ, ისევ ცვლილებების დრო დადგა“, – დასძინა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი