ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება, – ამის შესახებ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიამ განმარტება პოლიტიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით გააკეთა.

„ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია რომ გამოირიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ, ღიად და ვამბობ სიმართლეს, ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია, მე არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ გითხრათ“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სხვა კითხვებზე, სხვა დროს და სხვა ფორმატში ისაუბრებს.

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილებით შეჩერდა პროცესი, რომელიც „ძალიან საზიანო იყო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“.