ეკა ბესელია - არ ვიცი, გიორგი კვირიკაშვილთან არის თუ არა სამართლებრივი კითხვები, მაგრამ თუ ასეთი გაჩნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ
ეკა ბესელია - არ ვიცი, გიორგი კვირიკაშვილთან არის თუ არა სამართლებრივი კითხვები, მაგრამ თუ ასეთი გაჩნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობა, პასუხისმგებლობა იზრდება, შესაბამისად, თუ ვინმეს მიმართ კითხვები არსებობს, ყველა ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, შესაძლოა თუ არა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საგამოძიებო ორგანოების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში პარლამენტი ჩართული არ არის, ზოგადად კი, ყველა პირი ვალდებულია თუ მის მიმართ კითხვა გაჩნდება, აუცილებლად უპასუხოს.

„რაც შეეხება გამოძიების მსვლელობას, ბუნებრივია, რა მტკიცებულებები აქვს, რა მასალები აქვს, ან რა კითხვებია, რომელიც გაუჩნდა გამოძიებას მასალების ანალიზის თუ შესწავლის შედეგად, ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული. პოლიტიკური ორგანი არ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, ამიტომ დაველოდებით გამოძიებას, რა კითხვები აქვს. ყველა მინისტრი, თანამდებობის პირი არის პასუხისმგებელი საკუთარ საქმიანობაზე და ვალდებულია, რომ პასუხები გასცეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობა, პასუხისმგებლობაც იზრდება.

„ასე რომ, თუ კითხვები არსებობს, ყველა ჩვენგანი ვართ ვალდებული ამ კითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა სამართლებრივი კითხვები ყოფილი პრემიერის მიმართ, ეკა ბესელიას განცხადებით, მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ ვიცი არსებობს თუ არა სამართლებრივი კითხვები მასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ასეთი კითხვები გაჩნდა, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს პატივს ვცემთ და ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ კითხვები არსებობს“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა  ინტერვიუში განაცხადა, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მას გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ „ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.