ეკა ბესელია - არ ველოდები, რომ ვენეციის კომისია კობახიძის კაბინეტის ავტორობით დარეგისტრირებულ პროექტს კრიტიკის გარეშე მიიღებს
ეკა ბესელია - არ ველოდები, რომ ვენეციის კომისია კობახიძის კაბინეტის ავტორობით დარეგისტრირებულ პროექტს კრიტიკის გარეშე მიიღებს

არ ველოდები, რომ ვენეციის კომისია კობახიძის კაბინეტის ავტორობით დარეგისტრირებულ პროექტს უკრიტიკოდ მიიღებს, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება. იმიტომ, რომ კობახიძის კაბინეტის ავტორობით დარეგისტრირებული კანონპროექტი რეალურად, არის ვერსია, რომელიც მოსამართლეთა იმ ჯგუფის მიერაა მომზადებული, ვისაც სასამართლოში სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესები აქვს. ამ ვერსიის მიღება ძალიან სახიფათოა. მე ყველას ვურჩევ, ის პროექტი კარგად წაიკითხონ“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში არის ჩანაწერი, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებად დასახელებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მათ შორის, არც პარლამენტს არ მიეწოდება, რაც ძალიან სახიფათოა.

„უკაცრავად, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?! რატომ უნდა იყოს კონფიდენციალური და ეს ინფორმაცია პარლამენტს რატომ არ უნდა მიაწოდონ, მაშინ, როცა მოსამართლის არჩევის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრები იღებენ?!“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასევე სახიფათო ჩანაწერია ის, რომ კანდიდატთა გრძელი სია პარლამენტს არ წარედგინება და რამდენიმედონიან შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს, რაღაც მათემატიკური გაუგებარი ალგორითმით, რომლის ფორმულის გამოთვლაში შეიძლება, ადამიანი დაიღალოს და ეს ყველაფერი საბჭოს დონეზე ხდება, მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო წარმდგენია და არა ამრჩევი.

„საბოლოოდ, პარლამენტს წარედგინება სია, რომელიც გაცხრილულია და რამდენი ვაკანსიაცაა, ზუსტად იმდენი ადამიანია. ეს არ არის საერთაშორისო პრაქტიკა. სტრასბურგის სასამართლოში ერთ პოზიციაზე მინიმუმ, სამი კანდიდატი წარედგინება“, – განაცხადა ბესელიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს იმ ფაქტს, რომ კითხვები არის მის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებითაც, არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომენტარი საბჭოს მხოლოდ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა და მაშინ, მას მისი კანონპროექტი წაკითხული არ ჰქონდა.

„ეს პროექტი შემდეგ გამოვიდა საჯაროდ და ისე გააკეთა მცდარი კომენტარები. იმედია, ახლა წაიკითხა და დაინახავს, რომ იქ სწორედ ასეთი რამ წერია – რისკები უნდა იყოს დაზღვეული და პარლამენტმა წინასწარ გამომცხვარი კანდიდატების სია კი არ მიიღოს, არამედ რეალურად ღია შერჩევის პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.