ეკა ბესელია - არ ვაპირებ, ღიმილით ვუყურო ქვეყნისთვის საზიანო პროცესების განვითარებას
ეკა ბესელია - არ ვაპირებ, ღიმილით ვუყურო ქვეყნისთვის საზიანო პროცესების განვითარებას

ქვეყნისთვის საზიანოა ის, რითაც არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაკავებულები, არ ვაპირებ, ღიმილით ვუყურო ქვეყნისთვის საზიანო პროცესების განვითარებას, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტმა მოსამართლეთა ისეთი სია უნდა დაამტკიცოს, რითაც მოსახლეობა მშვიდად იგრძნობს თავს.

„ხმა ჩაიგდონ, ჩუმად იყვნენ, რადგან მორალურად უფლება არ აქვთ, ამ ტონალობაში მელაპარაკონ, რადგან ეს ადამიანები არიან ძალადობრივი რეჟიმის დამკანონებლები და სააკაშვილის რეინკარნაციის მხარდამჭერები. თუ არ გაჩუმდებიან, მოპასუხის როლიდან ბრალმდებლის როლში გადავინაცვლებ. ეს გაცილებით მძიმე იქნება, არავის ვემუქრები, ვაფრთხილებ. არ მინდა, ეთიკური სტანდარტი დავაღვიო, რასაც ვინარჩუნებ. ქვეყნისთვის საზიანოა ის, რითაც არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაკავებულები. არ ვაპირებ, ღიმილით ვუყურო, ქვეყნისთვის საზიანო პროცესების განვითარებას. სასამართლოს საკითხს არ მოვეშვები, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც სამართლიანი იქნება. პარლამენტმა მოსამართლეთა ისეთი სია უნდა დაამტკიცოს, რითაც მოსახლეობა მშვიდად იგრძნობს თავს. ამ მიზნისთვის ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას ვაპირებ. ამათთან არ ვაპირებ, იაფფასიან პოლემიკაში შესვლას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, რამდენჯერაც გაბედავენ თავხედობას სუსტი კაცები, იმდენჯერ პოლიტიკურ სილას მიიღებენ.

„პასუხს მათ პატრონს ვთხოვ. ამათ მოხედოს, ადგილი მიუჩინოს, რადგან აერიათ ფერები, „მარშრუტები“, კომპასები, გზაკვალარეულები არიან და საავარიო სიტუაციაში მშველელი სჭირდებათ. ვიღაცამ უნდა უშველოთ და პატრონი ვინმე ხომ ჰყავთ? თუ პატრონის გარეშე აკეთებენ, მაშინ ქვეყანაში უპატრონობა გვჭირს და თუ პატრონის ხელდასმით ხდება, მათ უფროსსა და ხელმძღვანელს ველაპარაკები. უნიჭო ადამიანის დაწერილი გზავნილი, უნიჭო ადამიანების ხელში მოხვდა და ვეღარ გააგნეს, რა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.