ეკა ბესელია ანა დოლიძეს ურჩევს, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი წაიკითხოს
ეკა ბესელია ანა დოლიძეს ურჩევს, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი წაიკითხოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს ურჩევს, მის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი წაიკითხოს.

პირველ არხთან საუბარში ეკა ბესელია ანა დოლიძის განცხადებასა და იმ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც მან 13 დეპუტატთან ერთად მოამზადა და რომლის ინიცირებაც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. მისი თქმით, პროექტი პროგრესულია, გამორიცხავს რისკებს და ემსახურება იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეებად ისეთი პირების არჩევა არ მოხდეს, რომლებიც საზოგადოების უნდობლობას გამოიწვევენ.

„ვემხრობით იმას, რომ ე.წ. გრძელი სია იყოს, ანუ იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე ვაკანტური პოზიციაა, რათა პარლამენტს მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. იუსტიციის საბჭომ არასასურველი კანდიდატები ვერ უნდა დაბლოკოს, პარლამენტმა ყველა კანდიდატი ნახოს, ვინც კი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. კვორუმი შემოგვაქვს, როგორც ახალი, დამატებითი კრიტერიუმი, რათა არამოსამართლე წევრების ხმები იყოს გათვალისწინებული. ამით ინტერესთა კონფლიქტს გამოვრიცხავთ. ვისაც კანონპროექტი ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევ, წაიკითხოს, მათ შორის, არამოსამართლე წევრებს. ანა დოლიძის კომენტარი ვნახე, რომელსაც აბსოლუტურად არასწორი შეფასება ჰქონდა. მას ეს პროექტი ჯერ არ უნახავს და უმჯობესია, ჯერ წაიკითხოს და შემდეგ შეაფასოს, რადგან ერთობლივად არის შემუშავებული როგორც ადგილობრივი იურისტების, ასევე საერთაშორისო პატრნიორების მხრიდან. მხარს არც კობახიძისა და ჩინჩალაძის პროექტს დავუჭერთ და არც სააკაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს. ჩვენი ინიციატივა არის პროგრესული და ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციისა და სანდო მოსამართლე ჰყავდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს კლანის ძალაუფლებას. მისივე თქმით, სახეზეა „ოცნება ერთისა“ და „ოცნება ორის“ განცხადებები და არც ერთ ინიციატივაში არ არის გათვალისწინებული რადიკალური ცვლილება. ანა დოლიძის ვარაუდით, ორივე კანონპროექტში შეტანილი პროგრესული ცვლილებები მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივიდანაა აღებული.